მთავრობა ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას ”სტარტაპ საქართველო” იწყებს

საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა ”სტარტაპ საქართველო” იწყება. პროგრამას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას დღეს, ტექნოლოგიურ პარკში წარუდგენს. პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური გუნდის მინისტრები, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე.

 

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი, შესაძლოა, 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

 

მათივე ინფორმაციით, პროგრამის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთება ამაღლდება, დაიწყება მრავალი ახალი ბიზნესი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოსახლეობას საკუთარი შემოსავლის წყარო გაუჩნდება. პროგრამის მონაწილე კი შეიძლება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი გახდეს, ვისაც სიახლეზე ორიენტირებული, პერსპექტიული და მდგრადი ბიზნესწინადადება აქვს, განხორციელებისთვის კი საწყისი დაფინანსება სჭირდება.

 

განაცხადების მიღება 2016 წლის 17 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე მოემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსდება პროგრამის ფრონტ-ოფისი და დაინტერესებული პირები პროგრამის შესახებ ერთი ფანჯრის პრინციპით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.

 

პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.