საქართველოში ქველმოქმედების წახალისება იგეგმება

ფილანტროპიის და ქველმოქმედების განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად “ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს დეპუტატებმა ზვიად კვაჭანტირაძემ და გუგული მაღრაძემ შესთავაზეს. 

 

პროექტი განსაზღვრავს ფილანტროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებს და განხორციელების ფორმებს. ასევე განსაზღვრავს ფილანტროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების სფეროებს. 

 

კანონპროექტი ითვალისწინებს ფილანტროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორცილებელი სუბიექტებისთვის სტიმულირების მიზნით საგადასახადო შეღავათებს. კერძოდ, ფილანტროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორიციელებელი სუბიექტის მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა, მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ საქმიანობის (ღონისძიების) შედეგად მიღებული თანხების გადაცემა შემდეგი ფიზიკური პირებისთვის: სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედებისთვის, ობოლი და მარჩენალდაკარგული პირებისთვის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, სტიქიური უბედურების, ავარიების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოტიების, ომის და შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული პირებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დასახიჩრებული პირებისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული პირის ოჯახის წევრებისათვის, მძიმე და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის. 

 

კანონპროექტით გათვალისწინებულია სხვა შეღავათებიც.