სახელმწიფო ეკონომიკური ატაშეების ინსტიტუტს ქმნის - რა მოლოდინები აქვთ ექსპორტიორებს?

საქართველოში ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვის, ასევე ქართველი ექსპორტიორების ხელის შეწყობის მიზნით საქართველოს საელჩოებში ეკონომიკური ატაშეები დაინიშნებიან.

 

საელჩოებში დანიშნული ატაშეები მცირე და საშუალო ბიზნესს ინტერნაციონალიზაციაშიდაეხმარებიან, ასევე ხელს შეუწყობენქართული საექსპორტო პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოძიებას და არსებულ ბაზრებზე გაძლიერებას. 

 

ატაშეები საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოს შესახებ ინფორმაციას მიაწვდიანუცხოელ ბიზნესმენებს, ამ პროექტის ფარგლებში კი ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლებათ დაკავშირება უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან.

 

პროგრამის ფარგლებში ასევე ხელი შეეწყობა ქართული პროდუქციის მონაწილეობას უცხოურ გამოფენებსა და ბაზრობებში.

 

ეკონომიკური ატაშე ელჩის მიმართ იქნება ანგარიშვალდებული და ამავდროულადეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლადაც ჩაითვლება.

 

თავდაპირველად ატაშეები მხოლოდ რამდენიმე საელჩოსა თუ საკონსულოში დაინიშნებიან,თუმცა სამომავლოდ მათი რაოდენობა გაიზრდება.

 

რამდენად საჭიროა ეკონომიკური ატაშეს ინსტიტუტის ჩამოყალიბება საქართველოს საელჩოებში და გამოიყენებენ თუ არა მის შესაძლებლობებს ქართველი ბიზნესმენები?

 

ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „კამპას“ გენერალური დირექტორი სანდრო ბუაძე აცხადებს, რომ ახალი ინიციატივა ძალიან საინტერესოდ ჟღერს, თუმცა, წინასწარ შეფასებების გაკეთება რთულია.  მისი თქმით, უნდა გავიდეს გარკვეული პერიოდი, რაც ამ ინსტიტუტის მუშაობის შეფასებას შესაძლებელს გახდის.

 

ბიზნესმენი ამბობს, რომ ასეთი ტიპის საშუალო რგოლი ზოგადად ძალიან სასარგებლო იქნება ქართველი ბიზნესმენებისთვის, რადგანაც ახალ ბაზრებზე შესვლისას კერძო სექტორს სერიოზული ბარიერები ექმნება.

 

„როცა რამეს აწარმოებ, თუ არ ჩახვედი და არ წარადგინე, არ დაელაპარაკე, რთულია ბიზნესი გააკეთო. თუ ადამიანი იქნება, რომელიც წარადგენს ქართული კომპანიების ინტერესებს და პროდუქციას, ცუდი არ იქნება“,-აცხადებს „კამპას“ გენერალური დირექტორი.

 

ღვინის მწარმოებელი კომპანიის „თელავის ღვინის მარნის“ ხელმძღვანელი ზურა რამაზაშვილი მიესალმება ახალ ინიციატივას და მიიჩნევს, რომ ამ ტიპის ინსტიტუტი საქართველოს საელჩოებში დიდი ხნის წინ უნდა ჩამოყალიბებულიყო.

 

ბიზნესმენის შეფასებით, კერძო სექტორმა ეკონომიკური ატაშეს ცნება ისე არ უნდა გაიგოს, რომ ის ადამიანები მათ მაგივრად გააკეთებენ საქმეს, ჩანიშნავენ შეხვედრებს და ა.შ.

 

ზურაბ რამაზაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესს ერთმანეთთან საურთიერთოდ შუამავალი არ სჭირდება, ამიტომ ეკონომიკური ატაშეების მიზანი საქართველოს და ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია უნდა იყოს. ბიზნესმენი ამბობს, რომ გამოფენებს და ღონისძიებებს საქართველოს საელჩოები ისედაც აწყობენ, მაგრამ ეს ძალიან ფრაგმენტულად ხდება, მაგალითად დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს და სხვა მსგავსი თარიღების დროს.

 

„ეკონომიკური ატაშე უნდა იყოს პიროვნება, რომელიც პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ პროდუქციას საზღვარგარეთ. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მოაწყობს ღონისძიებებს, დაარიგებს ბუკლეტებს, გაავრცელებს ინფორაციას ქართული პროდუქციის შესახებ. ეს ყველაფერი თავისთავად გამოიწვევს ადგილობრივი კლიენტურის ინტერესის გენერირებას, რაც თავისთავად გამოიწვევს კონკრეტული კომპანიების დაინტერესებას ქართული პროდუქციით“,- აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი და აღნიშნავს, რომ ატაშეების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს.

 

ეკონომიკური დიპლომატიის გააქტიურების საჭიროება გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ დააყენა. როგორც მან 2015 წელს განაცხადა,ზოგიერთ საელჩოში ეკონომიკური კომპეტენციის თანამშრომლები არ არიან.

 

"დიპლომატიურ წარმომადგენლობებში უნდა იყოს და არსებობდეს ის კომპეტენცია, რომელიც ადგილზე, ეკონომიკური პორტფელის საქმიანობის განხორციელებისთვისაა საჭირო. ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლები უნდა აღიჭურვონ იმ ფუნქციით, რასაც საქართველოს ინვესტიციების მოზიდვა ჰქვია. ზოგიერთი საელჩო ისეა დაკომპლექტებული, რომ არსებობს ეს კომოპეტენციები. ზოგიერთ საელჩოში ამა თუ იმ მიზეზით და ხშირად მატერიალურ-ტექნიკური მიზეზით, არ არიან ასეთი ტიპის თანამშრომლები. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეკონომიკური კუთხით მსგავსი კომპეტენციები არსებობდეს",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.