პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დელეგაცია ჩინეთში სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისა და უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიების - “Air China”, “Hainan Airlines”, “China Southern Airlines” და “China Eastern Airlines” წარმომადგენლებს შეხვდა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთ-საქართველოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფართოებულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ “China Southern Airlines” ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი დანიშნულების პუნქტს დაამატებს. მათივე ინფორმაციით 2016 წლის 22 სექტემბრიდან „China Southern Airlines“ პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით რეგულარულად იფრენს. 


უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა, ქვეყნებსშორის საავიაციო სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართული საავიაციო ბაზრის ინტენსიურად ათვისების მიზნით, საავიაციო ხელისუფლებები მჭიდროდ ითანამშრომლებენ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.
 

ვიზიტისას ჩინურმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორიო ორგანიზაციის (ICAO) მიერ საქართველოში ჩატარებული საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების აუდიტების მიერ გამოვლენილი შედეგები, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება გაზრდილი საჰაერო მიმოსვლის უზრუნველყოფის კუთხით. 

შეხვედრის ფარგლებში, კონსულტაციები გაიმართა ჩინურ ავიაკომპანიებთან. სააგენტოს წარმომადგენლებმა ავიაგადამზიდველებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების, ასევე ქვეყანაში მოქმედი ლიბერალური საავიაციო საკანონმდებლო ბაზის შესახებ, რაც ამარტივებს საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყების შესაძლებლობას.