რამდენია საქართველოში ვენახში დაქირავებული მუშახელის საშუალო დღიური ანაზღაურება?

ვაზის მოვლა საკმაოდ შრომატევადია და ფინანსურ მდგრადობასაც მოითხოვს. მისი დარგვისას მიწის დამუშავება დაახლოებით 60-70 სმ-ის სიღრმეზე ხდება, ხოლო შემდეგ, ყოველწლიურად გაზაფხულზე ვაზის გასხვლა და მწკრივებს შორის მიწის დამუშავება ხელით ან მექანიზაციის საშუალებებით ხორციელდება. საოჯახო მეურნეობები ძირითადად მიწას ხელით, ან ხელის მინი მოტობლოკის დახმარებით ამუშავებენ, ხოლო სასოფლო-სამეურნეო საწარმოები საკუთარ, საშუალო გაბარიტიან ტრაქტორს ფლობენ, თუმცა ფაქტია, რომ საჭირო გაბარიტების ტრაქტორები დეფიციტურია არსებულ მექანიზაციის ცენტრებში. ვაზი აყვავებიდან მოსავლის მიღებამდე მუდმივ ზრუნვას საჭიროებს, რაც თავის მხრივ გულისხმობს 3-4 ე.წ. „მწვანე ოპერაციის“ (ზედმეტი ყლორტების მოცლა, დამაგრება ბოძზე ან მავთულზე) შესრულებას, 3-5 შეწამვლას და სხვა ტიპის სამუშაოებს. 

საქართველოში ვაზის მოსავლის მიღება ძირითადად სექტემბერ-ოქტომბრის თვეში ხდება (დამოკიდებულია ვაზის ჯიშზე). საოჯახო მეურნეობები ღვინოს ტრადიციული მეთოდებით ამზადებენ. ქართული ტრადიციული მეღვინეობა "ქვევრს" გულისხმობს, რომელსაც იმერეთში "ჭურს" უწოდებენ. განსხვავებით კახური ტრადიციული ღვინისგან აქ კლერტგაცლილ ჭაჭას "ტკბილას" უმატებენ. დადუღების შემდეგ ღვინოს ჭურში, დაახლოებით 2 თვის მანძილზე, აყოვნებენ და შემდეგ ხსნიან დურდოდან, გადააქვთ კასრებში და ამუშავებენ. 

 

 

ვაზი დარგვიდან 4-5 წელიწადში იწყებს მოსავლის მოცემას და დაახლოებით 10 წლის ასაკში აღწევს სრულ მწარმოებლურობას, რაც დაახლოებით 40-45 წელი გრძელდება. ერთი ჰექტარი ვენახის მოვლის ხარჯ, შრომითი ხარჯების გარეშე, წელიწადში დაახლოებით 1000-1500 ლარს შეადგენს.  შესაწამლად იყენებენ ძირითადად კირსა და შაბიამანს, ასევე დაწყებული აქვთ ბიოპრეპარატ „ორგანიკით“ შეწამვლადა სხვადასხვა ქიმიურ პრეპარატების გამოყენებაც. მექანიზაციის საშუალებებიდან საოჯახო მეურნეობები ძირითადად ხელის მინი ტრაქტორებს იყენებენ, ხოლო საშუალო და მსხვილი ფერმერული მეურნეობები ძირითადად ვენახებს ისე აშენებენ, რომ შესაძლებელი იყოს შედარებით მაღალი წარმადობის და დიდი გაბარიტების ტრაქტორების გამოყენება. საოჯახო მეურნეობებში მეურნეობას თავად ოჯახის წევრები უძღვებიან და დაქირავებულ შრომას არ იყენებენ. ხოლო, საშუალო და მსხვილი ფერმერული მეურნეობები კი,ძირითადად, დაქირავებულ შრომას იყენებენ სხვადასხვა ოპერაციების ჩატარებისათვის.

საქართველოში დაქირავებული მუშახელის საშუალო დღიური ანაზღაურება 20-30 ლარს შეადგენს. პროდუქტიულობა დარგში - პროდუქტიულობის რაოდენობრივი მაჩვენებლის აღწერა სხვადასხვა მიმართულებითაა შესაძლებელი. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ იმ ჯიშებისათვის, რომლებიც უნიკალურ მიკროკლიმატს მოითხოვენ და შესაბამისად მცირე რაოდენობის მოსავალს იძლევიან, ეკონომიკური ეფექტიანობა გაცილებით მაღალია და მზა პროდუქციის საცალო ფასი მნიშვნელოვნად აღემატება მაღალმოსავლიანი ჯიშებისაგან მიღებული ყურძნის ღვინოების ფასს.

რაც შეეხება პროდუქტიულობის რაოდენობრივ მონაცემებს, მნიშვნელოვანია შემდეგი პარამეტრები: მოსავლიანობა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით; მიღებული ყურძნის რაოდენობა ერთ ძირ ვაზზე და ერთი კილოგრამი ყურძნიდან მიღებული ღვინის რაოდენობა. ზოგადად, ყურძნის წარმოების პროდუქტიულობა დამოკიდებულია პირველ რიგში ვაზის ჯიშზე, ასევე მოვლის პირობებზე და კონკრეტული გეოგრაფიული ზონის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებზე. კვლევის შედეგად დადგინდა პროდუქტიულობის შემდეგი რაოდენობრივი მაჩვენებლები: საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების საშუალო მოსავლიანობა თითოეულ ძირზე შეადგენს 2-4 კგ. ყურძენს. ღვინის გამოსავლიანობა ყურძნიდან შეადგენს დაახლოებით 45-55%-ს. კონკრეტული წლის მოსავალი დამოკიდებულია ყურძნის ჯიშზე, მიკრო -კლიმატსა და მოცემული წლის ფაქტობრივ ბუნებრივ პირობებზე.